გალობის უნივერსიტეტის პირველი კურსის სტუდენტებმა სამთავისისა და კასპის ეპარქიაში წმინდა ისიდორე სამთავნელის ხსენების დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ლიტურგიაში მიიღეს მონაწილეობა.
სადღესასწაულო წირვა გორისა და ატენის მიტროპოლიტმა ანდრიამ (გვაზავა) ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტ დანიელთან (დათუაშვილი) და სხვა სასულიერო პირებთან ერთად აღავლინა.
სამთავისის ამაღლების ეკლესიაში გამართულ საღმრთო ლიტურგიაზე სტუდენტებმა ლექტორების – ასოცირებულ პროფესორ ტატიანა მეგრელიძის, ასისტენტ პროფესორ ნინო ნანეიშვილისა და მოწვეულ პედაგოგ ეკატერინე ყაზარაშვილის ხელმძღვანელობით ქართული საეკლესიო გალობის ლექციების ფარგლებში შესწავლილი ქართლ-კახური სამგალობლო სკოლის ნიმუშები შეასრულეს. სადღესასწაულო წირვაზე ასევე მონაწილეობდნენ გორისა და კასპის საკათედრო ტაძრის მგალობელთა გუნდები.
ლიტურგიის შემდეგ გალობის უნივერსიტეტის წარმომადგენლები ესტუმრნენ წმინდა ძმებ კარბელაშვილების სახლ-კარს სოფელ ქვემო ჭალაში. მათ დაათვალიერეს სივრცე, სადაც ცხოვრობდნენ და მოღვაწეობდნენ ქართული გალობის გამორჩეული მოამაგეები – ძმები კარბელაშვილები, რომელთა ღვაწლი ქართული სამგალობლო მემკვიდრეობის დაცვასა და შენარჩუნებაში ფასდაუდებელია. სტუდენტებმა და ლექტორებმა ასევე მოინახულეს ქვემო ჭალის ამილახვართა ციხე-დარბაზის კომპლექსში არსებული ღვთისმშობლის შობის სახელობის კარის ეკლესია.