უნივერსიტეტის მთავარი დონორია საქველმოქმედო ფონდი „ქართული გალობა“. გალობის უნივერსიტეტის წარმატებას მეტწილად ფონდის მხარდაჭერა განსაზღვრას. უნივერსიტეტის როგორც კვლევითი კომპონენტის, ასევე, ინფრასტრუქტურის განახლება-გაძლიერება სწორედ ამ ფონდის ძალისხმევით მოხერხდა.

უნივერსიტეტის წარჩინებული სტუდენტებისათვის ფონდს სპეციალური სტიპენდიები აქვს დაწესებული. 2013 წლიდან ფონდი სასწავლებლის მაღალი აკადემიური მოსწრების კურსდამთავრებულებს ასაქმებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, სადაც ისინი მგალობელთა და მომღერალთა გუნდებს აყალიბებენ. 2016 წლიდან პროექტი საქართველოს ფარგლებსაც გასცდა და ევროპის სამრევლოები მოიცვა.

2017 წელს ფონდ „ქართული გალობის“ ინიციატივით სტუდენტური დასაქმების პროექტი ამუშავდა. პროექტის მიზანია საქართველოს რეგიონებში არსებული ფოლკლორული და სამგალობლო გუნდების მხარდაჭერა, მათი რეპერტუარის განახლება. 2017-2019 წლებში პროექტი განხორციელდა მთიან აჭარაში, სამეგრელოში, ლეჩხუმსა და თიანეთში.