2015 წელი მეტად წარმატებული გამოდგა გიორგი მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო გალობის უმაღლესი სასწავლებლისთვის. ამ წელმა არა ერთი საინტერესო და დასამახსოვრებელი დღე გვაჩუქა.

ამა წლის მაისში ჩატარდა გიორგი მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო გალობის უმაღლესი სასწავლებლისა და თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის ერთობლივი სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია; “საეკლესიო და თეორიული მუსიკოლოგიის აქტუალური პრობლემები”, რომელიც მანანა ანდრიაძის ხსოვნას მიეძღვნა.

დეკემბერში გაიმართა საღვთისმეტყველო სამეცნიერო კონფერენცია, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს სასწავლებლის პროფესორ-მასწავლებლებმა, სტუდენტებმა, ასევე, მოწვეულმა თეოლოგებმა.

შედგა თამარ ჩხეიძის, თამაზ გაბისონიას, ზურაბ კიკნაძისა და ზაალ წერეთლის საჯარო ლექციები.

ჩატარდა საქველმოქმედო ფონდ „ქართული გალობის“ მიერ გამოცემული ცნობილი ლოტბარებისა და მომღერლების: პოლიკარპე ხუბულავასა და ანდრო სიმაშვილის ცხოვრებისა და შემოქმედების ამსახველი წიგნების პრეზენტაცია. ასევე, სასწავლებლის ღვაწლმოსილი პედაგოგის – ნათელა გამყრელიძის წიგნის: „ქართული ხალხური სიმღერები ფანდურისა და ჩონგურის თანხლებით“ წარდგინება.

გიორგი მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო გალობის უმაღლესი სასწავლებლის გაერთიანებული გუნდი „სტუდენტური დღეები 2015“-ის ხალხური სიმღერის ნომინაციის გამარჯვებული გახდა.

წარმატებული გამოდგა სტუდენტური გუნდების სადებიუტო გამოსვლა გიორგი გარაყანიძის სახელობის ფოლკლორული და სასულიერო მუსიკის ბათუმის X საერთაშორისო და სრულიად საქართველოს V ფესტივალზე „ქართული საგალობლები“ – საჩხერე.

13-14 ოქტომბერს I კურსის გოგონების ჯგუფი სოფელ ქვემო ალვანსა და ართანას ესტუმრა. მათ ეპრო თორღვაიძისგან და ანდრო სიმაშვილისგან მნიშვნელოვანი მუსიკალური მასალა ჩაიწერეს. საექსპედიციო ჩანაწერების პრეზენტაცია 15 დეკემბერს შედგა.

ამ წელს ორჯერ გაიმართა სასწავლებლის კურსდამთავრებულთათვის დიპლომების გადაცემის საზეიმო ცერემონია (როგორც ამ წლის, ასევე – სასწავლებლის რეორგანიზაციამდე კურსდამთავრებულთათვის).

ასევე ფონდი „ქართული გალობის“ უკვე დამკვიდრებული ტრადიციით, 2015 წლის კურსდამთავრებული გიგა შუბითიძე დმანისის ეპარქიაში მივლენილ იქნა, როგორც ფონდის წარმომადგენელი.