ძვირფასო პროფესორებო და სტუდენტებო ,
გაცნობებთ, რომ 2016 წლის 15 სექტემბერს , 09:00 საათზე გიორგი მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო გალობის უმაღლესი სასწავლებელი ახალ სასწავლო წელს იწყებს.
2016/2017 სასწავლო წელს უნივერსიტეტი მნიშვნელოვანი სიახლეებით ხვდება.
15 სექტემბერს შედგება მუსიკალური ტექნოლოგიების სტუდიისა და ელის ა. მარტინის სახელობის ქალთა სახელოსნოს პრეზენტაცია.
ფონდი „ქართული გალობის“ და ფონდის გენერალური დირექტორის, ქ–ნ ნანა გოთუას პირადი შემოწირულობით უნივერსიტეტს გადაეცა მუსიკალური ტექნოლოგიების სტუდია.
სტუდია აღჭურვილია საერთაშორისო სტანდარტის გერმანულ–ამერიკული აპარატურით.
მისი ხმის იზოლაცია–აკუსტიკური გამართვა ასევე შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს.
მუსიკალური ტექნოლოგიების სტუდია მოიცავს:
• მუსიკალური ინფორმატიკის კაბინეტს, სადაც სტუდენტები დაეუფლებიან თანამედროვე კომპიუტერული ნოტაციის ტექნიკას.
• ხმის ჩამწერ სტუდიას: სტუდიური და მობილური ჩაწერებისათვის
არსებული ტექნიკური ბაზა სასწავლებლის სტუდენტებს და სხვა დაინტერესებულ პირებს საშუალებას მისცემს განახორციელონ, როგორც სტუდიური ასევე, მობილური ჩაწერა.
სტუდიის მიზანია სტუდენტებს შეასწავლოს ჩაწერის ტექნიკა, ჩანაწერის გასუფთავება, რედაქტირება, „მიქსინგი“ და „მასტერინგი“, რაც უფრო მეტად გაზრდის მათი დასაქმების არეალს მედია სივრცეში.
მობილური სტუდიის საშუალებით განხორციელებული ექსპედიციები კი საფუძველად დაედება სასწავლებლის ფონო და სანოტო არქივს. ასევე, სტუდიაში შესაძლებელი იქნება ძველი საარქივო მასალების გაწმენდა–აღდგენა.
უნივერსიტეტს შეემატა ელის ა. მარტინის სახელობის ქალთა სახელოსნო, სადაც გოგონები ქართულ ხალხურ სიმღერასა და გალობას შეისწავლიან.
სახელოსნო ამერიკელი მეცენატების რექს და ელის მარტინების შემოწირულობით დაფუძნდა. მარტინები არიან ერთსაუკუნოვანი ისტორიის მქონე ცნობილ ამერიკულ კორპორაცია NIBCO-ს დამფუძნებლის პირდაპირი მემკვიდრეები და მმართველები. მათი საქველმოქმედო ფონდი არაერთი სფეროს მიმართულებით ახორციელებს ქველმოქმედებას. ელის ა. მარტინის სახელობის ქალთა სახელოსნო საქართველოში განხორციელებული მათი პირველი პროექტია.
გელით ყველას!