გამყოფ ხაზთან მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების მხარდასაჭერად  საქართველოს დამოუკიდებლობის დღე გალობის უნივერსიტეტმა, ტრადიციულად,  ნიქოზის ეპარქიაში აღნიშნა. უნივერსიტეტის მგალობელთა გუნდებმა ადგილობრივ მგალობლებთან – ნიქოზის ხელოვნების სკოლის ბავშვთა გუნდთან  და ანსამბლ „რიხთან” ერთად  მონაწილეობა მიიღეს მიტროპოლიტ ისაიას (ჭანტურია) მიერ აღვლენილ საღვთისმსახურო ლიტურგიაში. გალობის უნივერსიტეტის სტუდენტებთან და წარმომადგენლებთან ერთად სოფელ ნიქოზს სტუმრობდნენ ნოტრ დამის (აშშ) უნივერსიტეტის საეკლესიო მუსიკოლოგიის დეპარტამენტის სტუდენტები, რომლებიც ელის მარტინის სახელობის გაცვლითი პროგრამის ფარგლებში გალობის უნივერსიტეტში ქართულ გალობასა და სიმღერას სწავლობენ.

ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქიასთან გალობის უნივერსიტეტს აქტიური და მრავალწლიანი ურთიერთობა აკავშირებს. მიტროპოლიტ ისაიას ლოცვა-კურთხევით ეპარქიაში 2014 წლიდან საქმიანობს გალობის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული და ფონდი „ქართული გალობის“ წარმომადგენელი ნიკოლოზ ნებიერიძე, რომელიც ნიქოზისა და მიმდებარე სოფლის ბავშვებს უკვე 9 წელია სიმღერა-გალობას ასწავლის.