16 მაისს გალობის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში გაიმართა ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორის, გალობის უნივერსიტეტის მოწვეული პედაგოგის, ეკატერინე ონიანის საჯარო ლექცია თემაზე: „ათონის მთის ქართული ნევმირებული ხელნაწერი A85 – სამუსიკო-პალეოგრაფიული ანალიზი“.
ათონის მთის ქართული ნევმირებული ხელნაწერი A85, რომელიც „ძლისპირნი და ღვთისმშობლისანის“ სახელითაა ცნობილი X-XI საუკუნით თარიღდება. კრებული წარმოადგენს ინტენსიურად ნევმირებულ ხელნაწერს. შეხვედრის ფარგლებში წარმოდგენილი იყო ხელნაწერის ნევმური სისტემის სპეციფიკა ქართულ სამუსიკო პალეოგრაფიასა და ბიზანტიური ეკფონეტიკური ნიშნების კონტექსტში.
საჯარო ლექციის ფარგლებში მკვლევარმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო ათონის მთის ქართული ნევმირებული ხელნაწერის A85 ფრაგმენტს, რომელიც საქართველოს ეროვნულ არქივშია აღმოჩენილი. ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორმა ეკატერინე ონიანმა აუდიტორიას გააცნო ფრაგმენტის წარმოშობის დადგენისათვის გამოყენებული ძირითადი კვლევითი მიდგომები და არგუმენტები, რითაც მტკიცდება ფრაგმენტის ორგანული კავშირი ხელნაწერთან.