ქართული ხალხური სიმღერის პედაგოგი
ხალხური გუნდის ლოტბარი, საეკლესიო მუსიკისა და საეკლესიო მუსიკათმცოდნეობის ბაკალავრი, ფერწერის პედაგოგი და რეგენტი ბექა კოვზიაშვილი სწავლობდა ქ.თბილისის იაკობ ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელში, სადაც ადგილობრივ მოყვარულთა გუნდს შეუერთდა, მალევე გახდა ანსამბლ „სახიობა“-ს წევრი. 1995-2002 წლებში სწავლობდა ე.მიქელაძის სახელობის სამუსიკო კოლეჯში ფორტეპიანოს სპეციალობით. 2003-2007 სწავლა გააგრძელა თბილისის იაკობ ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელში. 2007 წლიდან დღემდე აპოლონ ქუთათელაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში, სახვითი ხელოვნების ფერწერის ფაკულტეტზე სწავლობს. იგი გიორგი მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო გალობის უმაღლეს სასწავლებლის კურსდამთავრებულია (2009-2013).
ბექა, თბილისის წმ.გიორგის სახელობის ქაშუეთის ტაძრის მგალობელი და 2008 წლიდან დღემდე „სახიობას“ წევრია. 2009-2010 წლებში იყო წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის გუნდის რეგენტი. 2010-2012 წლებში რეგენტობდა დიდუბის ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის შობის სახელობის ტაძარის გუნდს. 2013-2015 წლებში იყო თბილისის, საბურთალოს რ-ნი, ზ. ფანასკერტელის ქუჩაზე მდებარე ჯვართამაღლების ტაძრის გუნდის რეგენტი. 2016 წლიდან მუშაობს ვოკალურ-თეატრალურ სტუდია „ლურჯა ცხენებში“, სადაც ქართული საეკლესიო გალობისა და ხალხური სიმღერის პედაგოგია. 2018 წლიდან დღემდე არის წმ.გიორგის სახელობის ქაშუეთის ტაძრის მგალობელი. დაარსებიდან (2012 წელი) დღემდე კი, ჯგუფის ,,დრო“ წევრი და სოლისტი გახლავთ.
2011 წელს მონაწილეობა მიიღო თბილისის სასულიერო აკადემიაში გამართულ სამეცნიერო კონფერენციაში სახელწოდებით „ქართული ტრადიციული მუსიკის საკითხები“, სადაც წარდგა თემით „ზოგიერთი მოსაზრება ქართული შრომის სიმღერების შესახებ“.
2015 წელს ჩამოაყალიბა ფოლკლორული ანსამბლი „უსახელაური“.
2014 წლიდან დღემდე თბილისის გიორგი მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო
მუსიკის უმაღლესი სასწავლებლის პედაგოგია.
ექსპედიციები:
2008 წელს საკუთარი ხარჯებით მოაწყო ექსპედიციები შემდეგ ადგილებში: ქართლი, კასპის რაიონი (სოფელი ერთაწმინდა), კახეთი, გურჯაანის რაიონი (გურჯაანი), ყვარლის რაიონი(სოფელი შილდა).
2009 წელს იმყოფებოდა ექსპედიციაში გამოჩენილ ლოტბართან ანდრო სიმაშვილთან.
2010 წელს იმყოფებოდა თუშეთში, სადაც ჩაწერა ვანკა მელაიძე.