14-15 მაისს სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერიაში“ მანანა ანდრიაძის სახელობის სტუდენტთა და ახალგაზრდა მკვლევართა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა.
საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ–აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია II-ის ხსოვნას მიეძღვნა.
კონფერენციის პირველი სასესიო დღე გალობის უნივერსიტეტის პრორექტორმა, პროფესორმა თამარ ჩხეიძემ გახსნა. მან სიტყვით გამოსვლისას განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა მუსიკისმცოდნე, პროფესორ მანანა ანდრიაძის სამეცნიერო და კულტურულ ღვაწლზე, ასევე, კონფერენციის მნიშვნელობაზე ახალგაზრდა მკვლევართა პროფესიული განვითარების პროცესში.
კონფერენციის საპატიო სტუმრებს შორის იყვნენ პროფესორ მანანა ანდრიაძის ძმა თეოდორე დოლიძე და შვილი მარიამ ანდრიაძე, ასევე თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის კომპოზიციისა და მუსიკოლოგიის ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი რუსუდან თაბაგარი და მუსიკის თეორიის მიმართულების ხელმძღვანელი, პროფესორი მარიკა ნადარეიშვილი.
ორდღიანმა საერთაშორისო ფორუმმა ქართული და მსოფლიო მუსიკალური კულტურის, ეთნომუსიკოლოგიის, საშემსრულებლო პრაქტიკისა და კულტურული მემკვიდრეობის კვლევის მრავალფეროვანი მიმართულებების ირგვლივ საქართველოსა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის სტუდენტები და ახალგაზრდა მკვლევრები გააერთიანა. ფორუმის ფარგლებში გაიმართა ქართული საფერხულო სიმღერის ვორქშოპით, რომელიც კონფერენციის მონაწილეებისთვის გალობის უნივერსიტეტის სტუდენტურმა გუნდმა გამართა.
დასკვნითი ღონისძიება გალობის უნივერსიტეტის შესახებ ფილმით გაიხსნა. ჩვენების შემდეგ სტუმრებს სიტყვით მიმართა გალობის უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, საქველმოქმედო ფონდ „ქართული გალობის“ დამფუძნებელმა ნანა გოთუამ.
„გასული ორი დღის განმავლობაში ქართველ და უცხოელ მონაწილეებს ერთმანეთის მუსიკალური კულტურის გაზიარებისა და უკეთ გაცნობის საშუალება გქონდათ. ვიმედოვნებ, ეს პროფესიული და პიროვნული გამოცდილება სამომავლო შემოქმედებითი თანამშრომლობის საფუძველი გახდება.
ეს კი ჩვენთვის იქნება კიდევ ერთი დასტური, რომ სწორი საკითხების, სწორი ღირებულებების გარშემო ვერთიანდებით; რომ მუსიკა, ქვეყნებისთვის დამახასიათებელი განსხვავებების მიუხედავად, არის უნივერსალური საკომუნიკაცია ენა და რომ ტრადიციასაც სჭირდება მუდმივად კვლევა და განვითარება. ჩვენი ქვეყნების ამ უნიკალურ საგანძურში კი, დამეთანხმებით, ყოველთვის შეგვიძლია რაღაც ახლის აღმოჩენა“ – აღნიშნა ნანა გოთუამ.
კონფერენციის დახურვის სესიაზე სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი, კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი გაბუნია, განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილეები ბაია კვიციანი და თამარ მახარაშვილი, საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დირექტორი გიორგი დონაძე. მოწვეულ სტუმრებს შორის იმყოფებოდნენ პარლამენტის წევრი რიმა ბერაძე, ეკა ჭიჭინაძე, ლალი სეთურიძე.
მანანა ანდრიაძის სახელობის საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის დასკვნით სესიაზე კონფერენციის წარმატებული მონაწილეები გამოვლინდნენ.
საქველმოქმედო ფონდ „ქართული გალობის“ რჩეული ახალგაზრდა მეცნიერი, ნომინაციაში „საუკეთესო სამეცნიერო ნაშრომი“ გახდა კონსტანტინე ფილოსოფოსის სახელობის უნივერსიტეტის ეთნოლოგიის პროგრამის დოქტორანტი ალექსანდრა ბაჩლედოვა (სლოვაკეთი). ახალგაზრდა მეცნიერი გალობის უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, საქველმოქმედო ფონდ „ქართული გალობის“ დამფუძნებელმა ნანა გოთუამ დააჯილდოვა.
ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფონდის რჩეული ახალგაზრდა მეცნიერები ლალი სეთურიძემ გამოავლინა. ფონდის რჩეულები გახდნენ თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დოქტორანტი მონოზონი ნინო (სამხარაძე) და გალობის უნივერსიტეტის საეკლესიო მუსიკისმცოდნეობის მაგისტრი თეონა ბენაშვილი.
მანანა ანდრიაძის პრემია საუკეთესო სამეცნიერო ნაშრომისათვის გადაეცათ გალობის უნივერსიტეტის ასისტენ-პროფესორ გოჩა ბიძინაშვილსა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტ თამარ ღურწკაიას. პრემიის მფლობელები გალობის უნივერსიტეტის პრორექტორმა, პროფესორმა თამარ ჩხეიძემ დააჯილდოვა.
სამეცნიერო კონფერენციის ყველა მონაწილეს გადაეცა დიპლომები. საღამო მუსიკალური ნომრებით გალობის უნივერსიტეტის გუნდმა (ხელმძღვანელი: სერგო ურუშაძე) დახურა.
საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია საქველმოქმედო ფონდ „ქართული გალობის“ მხარდაჭერით განხორციელდა. კონფერენცია ყოველწლიურად უფრო მასშტაბურ სახეს იძენს. მომავალ წელს გალობის უნივერსიტეტი სამეცნიერო ფორუმს უკვე საკუთარ შენობაში უმასპინძლებს.


















