5–7 ნოემბერს გიორგი გარაყანიძის სახელობის ფოლკლორული და სასულიერო მუსიკის ბათუმის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა. კონფერენცია ყოველწლიურად სხვადასხვა ქვეყნის მკვევრებს აერთიანებს და ტრადიციული მუსიკის კვლევის მიმართულებით მნიშვნელოვან სამეცნიერო პლატფორმას წარმოადგენს.

კონფერენციაზე გალობის უნივერსიტეტის პრორექტორმა, პროფესორმა თამარ ჩხეიძემ და თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დოქტორანტმა, ახალგაზრდა მეცნიერმა მონაზონმა ნინო სამხარაძემ რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2022 წლის ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტის კონკურსში გამარჯვებული პროექტის „ვნების კვირის საგალობლები ქართულ საეკლესიო ტრადიციაში“ (FR-22-7504)  ფარგლებში მომზადებული კვლევები წარმოადგინეს.

პროექტის ხელმძღვანელის, პროფესორ თამარ ჩხეიძის მოხსენება „თეოლოგიური საზრისიდან მუსიკალურ მოდელამდე: სტიქარონი „რომელი ედემს შინა ოდესმე“ და მისი ჰანგი ქართულ ლიტურგიკულ ტრადიციაში“ მიეძღვნა სტიქარონის ტექსტისა და ჰანგის ურთიერთმიმართების შესწავლას ქართულ ლიტურგიკულ ტრადიციაში. მოხსენებაში განხილული იყო საგალობლის თეოლოგიური საზრისი, ლიტურგიკული კონტექსტი და მისი ჰანგის სხვადასხვა საგალობელში მუსიკალურ მოდელად გამოყენების პრაქტიკა. ქართული ლიტურგიკული კრებულებისა და ისტორიული ხელნაწერების ანალიზის საფუძველზე გამოიკვეთა აღნიშნული დედან-ჰანგის გამოყენების ტრადიცია, მისი გავრცელების დინამიკა და მუსიკალურ მოდელად დამკვიდრების ფაქტორები.

ახალგაზრდა მეცნიერის, მონაზონ ნინო სამხარაძის მოხსენება შეეხებოდა წმინდა კოზმა იერუსალიმელის ვნების კვირის საგალობელთა ქართულ თარგმანებსა და სხვადასხვა პერიოდის ლიტურგიკულ ხელნაწერებში მათი რედაქციული ჩამოყალიბების საკითხს. მოხსენებაში „წმიდა კოზმა იერუსალიმელის ვნების კვირის გალობანი“ ძველი და ახალი რედაქციების კომპარატიული ანალიზის საფუძველზე განხილული იყო საგალობელთა ტექსტობრივი ცვლილებები, ახალი თარგმანების თავისებურებები და მათი მიმართება მუსიკალურ ჰანგებთან. კვლევამ წარმოაჩინა XII საუკუნიდან კოზმა იერუსალიმელის გალობათა ახალი რედაქციის ჩამოყალიბების ისტორიულ-ლიტურგიკული კონტექსტი და მისი კავშირი საქართველოში სირია-პალესტინური ლიტურგიკული ტრადიციის გავრცელებასთან.