20 ოქტომბერს გალობის უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა სიონის საკათედრო ტაძარში უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის ხსოვნას მიაგეს პატივი.
გალობის უნივერსიტეტის ისტორია 2006 წელს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევით დაიწყო. უწმინდესის განსაკუთრებული მზრუნველობითა და მხარდაჭერით დაარსებული უნივერსიტეტი საერთაშორისო მასშტაბით ემსახურება ქართული ტრადიციული მუსიკის, მრავალსაუკუნოვანი საგალობლებისა და ხალხური სიმღერების დაცვას, განვითარებასა და მომავალი თაობებისთვის გადაცემას.
კათოლიკოს-პატრიარქის საფლავზე პანაშვიდი გალობის უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა, დეკანოზმა დავით თავაძემ აღავლინა. ღვთისმსახურებაში მონაწილეობა მიიღეს გალობის უნივერსიტეტის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების სტუდენტებისგან შემდგარმა გუნდებმა.
სიონის საკათედრო ტაძარში პანაშვიდს დაესწრნენ უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ნანა გოთუა, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის წარმომადგენლები.
გალობის უნივერსიტეტი მადლიერებით იხსენებს უწმინდესისა და უნეტარესის ღვაწლს ქართული ეკლესიისა და ქვეყნის წინაშე და პატივს მიაგებს მის ნათელ ხსოვნას.
ფოტო: გიორგი ხვიჩია








