5-7 ნოემბერს გალობის უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს გიორგი გარაყანიძის სახელობის ფოლკლორული და სასულიერო მუსიკის ბათუმის XX საერთაშორისო ფესტივალზე.
ორი ათწლეულია, ფესტივალი ტრადიციული მუსიკის პოპულარიზაციას, მის მეცნიერულ შესწავლასა და საერთაშორისო კულტურული კავშირების გაღრმავებას ემსახურება. იგი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან აერთიანებს სხვადასხვა თაობის შემსრულებლებსა და მკვლევრებს, ეროვნულთან ერთად ხელს უწყობს სხვა ქვეყნების მუსიკალური კულტურის წარმოჩენას, პროფესიული გამოცდილების გაზიარებასა და კულტურათაშორის დიალოგს.
გალობის უნივერსიტეტი წელსაც ფესტივალის აქტიური მონაწილეა. ფესტივალის ფარგლებში გამართულ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე წელს გალობის უნივერსიტეტმა წარმოადგინა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგრანტო კონკურსებში გამარჯვებული პროექტების ფარგლებში მომზადებული კვლევები. მოხსენებებით წარდგნენ:
გალობის უნივერსიტეტის პრორექტორი, პროფესორი თამარ ჩხეიძე და პროექტის სამეცნიერო ჯგუფის წევრი, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დოქტორანტი მონაზონი ნინო სამხარაძე (პროექტი „ვნების კვირის საგალობლები ქართულ საეკლესიო ტრადიციაში“. FR-22-7504. პროექტის ხელმძღვანელი: თამარ ჩხეიძე)
ეთნომუსიკოლოგი სოფიკო კოტრიკაძე და გალობის უნივერსიტეტის მაგისტრი თეონა ბენაშვილი (პროექტი „ეთნომუსიკოლოგიის ისტორია საქართველოში“. GSDP 26-364. ხელმძღვანელი: სოფიკო კოტრიკაძე).
საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე მოხსენებები ასევე წარმოადგინეს გალობის უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა თამაზ გაბისონიამ, ასისტენტ-პროფესორმა გოჩა ბიძინაშვილმა (თანაავტორთან, მკვლევარ თამარ ღურწკაიასთან ერთად), გალობის უნივერსიტეტის მაგისტრანტმა გვანცა მაისურაძემ და საბაკალავრო პროგრამის სტუდენტმა მარიამ სეთურიძემ.















