7-9 ოქტომბერს გალობის უნივერსიტეტის პრორექტორმა, პროფესორმა თამარ ჩხეიძემ ხელოვნების მკვლევართა XIX საერთაშორისო კონფერენციაზე „კულტურა ცვლილებების ზღვარზე“ მიიღო მონაწილეობა. კონფერენცია საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა.

მეცნიერმა წარადგინა მოხსენება თემაზე: „იბაკოს ჟანრი ქართულ ლიტურგიკულ ტრადიციაში: გენეზისი, მოდალური ორგანიზაცია და ჟანრული ტრანსფორმაცია“. მოხსენება ეძღვნებოდა იბაკოს ჟანრის გენეზისისა და მისი განვითარების პროცესის შესწავლას ქართულ ლიტურგიკულ ტრადიციაში. კვლევა მიზნად ისახავს იბაკოს ჟანრის ისტორიული ჩამოყალიბების, ქართულ სამგალობლო პრაქტიკაში მისი დამკვიდრებისა და შემდგომი მუსიკალური ტრანსფორმაციის ძირითადი თავისებურებების გამოვლენას.

კონფერენცია საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა და სხვადასხვა ქვეყნის 66 მკვლევარი გააერთიანა. სამდღიანი სამეცნიერო კონფერენცია ხელოვნების სხვადასხვა დარგში მიმდინარე პროცესების, კულტურული მემკვიდრეობისა და თანამედროვე გამოწვევების განხილვას დაეთმო.