ქართული მრავალხმიანობის კიდევ ერთი დაუვიწყარი საღამო – გალობის უნივერსიტეტის საანგარიშო კონცერტს ეროვნულმა სასახლემ უმასპინძლა. ისტორიული დარბაზის სცენაზე ერთმანეთს შეხვდა ტრადიცია და ახალგაზრდული ენერგია, შესრულდა მრავალფეროვანი პროგრამა, რომელმაც კიდევ ერთხელ წარმოაჩინა ქართული მუსიკალური მემკვიდრეობის სიღრმე, მრავალხმიანობის უნიკალურობა და მისი ცოცხალი განვითარების უწყვეტი პროცესი.
–
მსმენელის წინაშე გალობის უნივერსიტეტის სტუდენტებთან ერთად წარდგნენ უნივერსიტეტის მოკლევადიანი სასერტიფიკატო პროგრამის პირველი ნაკადის კურსდამთავრებულები.
–
ღონისძიებას მოწვეულ სტუმრებთან ერთად ესწრებოდნენ საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები, სასულიერო პირები და კულტურის სფეროს წარმომადგენლები.
–
საზეიმო ღონისძიებაზე საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ უნივერსიტეტის საზოგადოებას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, შიო III-ის დალოცვა გადასცა და სასწავლო წლის წარმატებით დასრულება მიულოცა. სიტყვაში დეკანოზმა ანდრიამ გაიხსენა გალობის უნივერსიტეტის დაარსებისას უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის მიერ წარმოთქმული სიტყვები: „ჩვენ ვიწყებთ ძალიან დიდ საქმეს. მე დარწმუნებული ვარ, რომ ის ლოტბარები, რომლებსაც ჩვენ ავღზრდით, ისინი მთელ საქართველოში შექმნიან გუნდებს და მთელი საქართველო ადიდებს უფალს. ღმერთმა დაგლოცოთ, ჩვენთან არს ღმერთი!“. მან აღნიშნა, რომ წლების განმავლობაში ეს ხედვა რეალობად იქცა და გალობის უნივერსიტეტი ღირსეულად ასრულებს მასზე დაკისრებულ მისიას, რისთვისაც მადლობა გადაუხადა გალობის უნივერსიტეტის დამფუძნებელს, ვანო ჩხარტიშვილსა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, ნანა გოთუას.
–
სტუდენტებს სასწავლო წლის წარმატებით დასრულება მიულოცეს საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი გაბუნიამ და გალობის უნივერსიტეტის დამფუძნებელმა, სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, ვანო ჩხარტიშვილმა.
–
ღონისძიებაზე გალობის უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ნანა გოთუამ წლის მნიშვნელოვანი მიღწევები შეაჯამა და უნივერსიტეტის ინსტიტუციურ განვითარებასა და წარმატებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის უნივერსიტეტის წარმომადგენლებს მადლობის სიგელები და ჯილდოები გადასცა. დაჯილდოვდნენ:
–
თამარ ჩხეიძე, გალობის უნივერსიტეტის პრორექტორი, პროფესორი – გალობის უნივერსიტეტში სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის დანერგვასა და განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის,
–
გიორგი დონაძე, ასოცირებული პროფესორი, სალოტბარო მოდულის სამხატვრო ხელმძღვანელი – გალობის უნივერსიტეტის საშემსრულებლო მიმართულებისა და გუნდის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის,
–
ანა ლოლაშვილი, გალობის უნივერსიტეტის გოგონათა გუნდის ხელმძღვანელი – გალობის უნივერსიტეტის გუნდის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის,
–
სერგო ურუშაძე, გალობის უნივერსიტეტის ვაჟთა გუნდის ხელმძღვანელი – გალობის უნივერსიტეტის გუნდის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის,
–
ბაია ჟუჟუნაძე, საერთაშორისო ურთიერთობების მენეჯერი – გალობის უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციის მიმართულების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის,
–
ნატალია ყველიაშვილი, უწყვეტი განათლების პროგრამების მენეჯერი – გალობის უნივერსიტეტის მოკლევადიანი სასერტიფიკატო კურსის ადმინისტრირებაში შეტანილი წვლილისთვის.
–
უნივერსიტეტის საანგარიშო კონცერტზე პრორექტორმა თამარ ჩხეიძემ უწყვეტი მხარდაჭერისა და ორგანიზაციულ განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის სპეციალური ჯილდო და მადლობის სიგელი უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს, ვანო ჩხარტიშვილს გადასცა.
–
დასრულდა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სასწავლო წელი. ახალ სასწავლო წელს კი გალობის უნივერსიტეტი ბევრი სიახლით და ახალ შენობაში დაიწყებს!
–
ფოტო: სპარტაკ შანშიაშვილი


















