საქართველოს დამოუკიდებლობის დღე გიორგი მთაწმინდელის სახელობის გალობის უნივერსიტეტმა ტრადიციულად სოფელ ნიქოზში, საოკუპაციო ხაზთან ახლოს აღნიშნა. ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტ ისაიას (ჭანტურია) ლოცვა-კურთხევით, ნიქოზის საკათედრო ტაძარში საზეიმო ლიტურგია აღევლინა, რომელშიც ადგილობრივ გუნდთან ერთად (ხელმძღვანელი: გალობის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული, ფონდი „ქართული გალობის“ წარმომადგენელი ნიქოზში, ნიკოლოზ ნებიერიძე) გალობის უნივერსიტეტის სტუდენტებმა მიიღეს მონაწილეობა. სტუდენტებთან და აკადემიურ პერსონალთან ერთად, ნიქოზში გალობის უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, საქველმოქმედო ფონდ „ქართული გალობის“ დამფუძნებელი ნანა გოთუა იმყოფებოდა.
ლიტურგიის დასრულების შემდეგ ტაძრის ეზოში სადღესასწაულო კონცერტი გაიმართა. უნივერსიტეტის სტუდენტებმა ქართული ტრადიციული მრავალხმიანობის ნიმუშები შეასრულეს, რომლებიც საოკუპაციო ხაზთან ახლოს ერთიანობის, ეროვნული იდენტობისა და თავისუფლების სიმბოლოდ ჟღერდა.
ნიქოზში დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ თავისუფლება მუდმივ ზრუნვას, ერთობასა და საკუთარი ქვეყნის სიყვარულს მოითხოვს.
გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს!
ფოტო: ევგენი ეფანოვი