22 აპრილს გალობის უნივერსიტეტში საქართველოს ეკლესიის ისტორიის მკვლევრის, ლუარსაბ ტოგონიძის საჯარო ლექცია „ქართული გალობა ათონის წმინდა მთაზე (XIX-XX სს.)“ გაიმართა.
ათონის მთა ქართველი მოღვაწეების მრავალსაუკუნოვან ისტორიას ითვლის. აქ იქმნებოდა ორიგინალური ქართული ჰიმნოგრაფიული მემკვიდრეობა და დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა ქართული გალობა. „ქართველთა მგალობელთა გუნდსა აღტაცებაში მოჰყვანდა ყოველნი მსმენელნი“ – ასე ახასიათებს ეპისკოპოსი პეტრე კენჭოშვილი ათონის მთაზე ქართულ გალობას.
ათონის მთაზე ქართული გალობის ისტორიულ გზას მიეძღვნა გალობის უნივერსიტეტში გამართული საჯარო ლექცია. საქართველოს ეკლესიის ისტორიის მკვლევარმა ლუარსაბ ტოგონიძემ გააცოცხლა ეპოქა, ისტორიები და ადამიანები, რომლებიც XIX-XX საუკუნეებში ათონის მთაზე ქართული გალობის ირგვლივ გაერთიანდნენ. ლექციაზე წარმოდგენილმა ლუარსაბ ტოგონიძის მასალებმა და უნიკალურმა ფოტოკადრებმა განსაკუთრებული ემოცია და შთაბეჭდილება დატოვა მსმენელებზე.





