25-31 მაისს გალობის უნივერსიტეტის პრორექტორი, ამავე უნივერსიტეტისა და თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პროფესორი თამარ ჩხეიძე და უნივერსიტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი ზურაბ წკრიალაშვილი სამუშაო ვიზიტით რუმინეთში იმყოფებოდნენ, სადაც ქალაქ იაშში მონაწილეობა მიიღეს IX საერთაშორისო ფესტივალში „The Church as a Singing Family in the Christian Tradition“.
ფესტივალი საეკლესიო მუსიკის სფეროს ერთ-ერთ მნიშვნელოვან საერთაშორისო ფორუმს წარმოადგენს და ყოველწლიურად აერთიანებს მკვლევრებს, მუსიკოსებსა და თეოლოგებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. ღონისძიების ფარგლებში იმართება სამეცნიერო სესიები, მასტერკლასები და კონცერტები, რომლებიც ქრისტიანული მუსიკალური ტრადიციების კვლევასა და პოპულარიზაციას ემსახურება.
გალობის უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა ფესტივალის მონაწილეებს ქართული საეკლესიო გალობის მრავალსაუკუნოვანი ტრადიცია გააცნეს. სამეცნიერო კონფერენციაზე პროფესორმა თამარ ჩხეიძემ წარადგინა მოხსენება „ვნების კვირის ჭრელი სტიქარონების მუსიკალური რიტორიკა ქართულ ლიტურგიკულ პრაქტიკაში“, ხოლო, ასოცირებულმა პროფესორმა ზურაბ წკრიალაშვილმა ალექსანდრე კუზას სახელობის იაშის უნივერსიტეტის თეოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტებისა და კონფერენციის მონაწილეებისთვის ქართული საეკლესიო გალობის მასტერკლასები ჩაატარა.
ვიზიტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შედეგი გახდა გალობის უნივერსიტეტსა და რუმინეთის ალექსანდრე კუზას სახელობის უნივერსიტეტს შორის სამომავლო პარტნიორობისა და აკადემიური თანამშრომლობის მიმართულებების განსაზღვრა.
საერთაშორისო ფესტივალში მონაწილეობამ კიდევ ერთხელ წარმოაჩინა ქართული საეკლესიო გალობის უნიკალურობა და მისი მნიშვნელობა მსოფლიო კულტურულ და აკადემიურ სივრცეში, რაც ეროვნული მუსიკალური მემკვიდრეობის პოპულარიზაციისა და საერთაშორისო ცნობადობის ზრდის მნიშვნელოვანი საფუძველია.