29 აპრილს გალობის უნივერსიტეტში გურული სიმღერის დიდოსტატის, ტრისტან სიხარულიძის მასტერკლასი გაიმართა. უნივერსიტეტის საპატიო დოქტორმა სტუდენტებს გურული სიმღერები შეასწავლა. ტრისტან სიხარულიძესთან შეხვედრა ყოველთვის ამოუწურავი რესურსია მათთვის, ვისაც სიმღერის სიღრმისეული შეცნობა სურს. ნაცნობ სიმღერაშიც კი შესაძლებელია სრულიად ახალი ნიუანსის აღმოჩენა. ოსტატთან უშუალო ურთიერთობა ყველასათვის, განსაკუთრებით კი გალობის უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის ფასდაუდებელი შესაძლებლობაა, ტრადიციული სიმღერა არა მხოლოდ ისწავლონ, არამედ მისი შინაგანი ბუნება უფრო ღრმად შეიგრძნონ.
ბატონი ტრისტანის სიმღერის მასტერკლასებზე გალობის უნივერსიტეტის სტუდენტების არაერთ თაობას მიუღია მონაწილეობა. სასიმღერო მემკვიდრეობას ოსტატი სტუდენტებს მრავალი წელია სიყვარულითა და სიფრთხილით გადასცემს.
მასტერკლასს გალობის უნივერსიტეტის ადმინისტრაციასთან ერთად ოზურგეთის ფოლკლორის ცენტრის ხელმძღვანელი, გალობის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული გიორგი გორდელაძე და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის კულტურისა და მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრის დირექტორი კობა ბანძელაძე დაესწრნენ.