გალობის უნივერსიტეტის სტუდენტებმა 6-8 მაისს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის საკონცერტო დარბაზში გამართულ ქალთა ტრადიციული მუსიკის საერთაშორისო ფესტივალ „ნანინა 2026“-ში მიიღეს მონაწილეობა.
ფესტივალი 2023 წელს ეთნომუსიკოლოგთა შემოქმედებითი ჯგუფ „ნანინას“ მიერ დაარსდა და ქალთა ტრადიციული ფოლკლორის აღდგენას, კვლევასა და პოპულარიზაციას ემსახურება. მიმდინარე წელს „ნანინამ“ საერთაშორისო სტატუსი შეიძინა. წლევანდელი საფესტივალო თემა ქალთა გლოვის ტრადიციას დაეთმო.
სამეცნიერო კონფერენციაში გალობის უნივერსიტეტის სტუდენტებმა მალხაზ ლაზარიამ და გვანცა მაისურაძემ წარმოადგინეს მოხსენებები მეგრულ და რაჭულ სამგლოვიარო ტრადიციებზე.
ფესტივალის საპრეზენტაციო ნაწილში უნივერსიტეტის გოგონათა გუნდის ხელმძღვანელმა ანა ლოლაშვილმა წარადგინა ვიდეოპრეზენტაცია სახელწოდებით „ქალთა გლოვის ჰერული ტრადიცია”, ხოლო სასცენო პროგრამაში მარიამ გადელიამ მეგრული ტირილის ნიმუში შეასრულა. გალობის უნივერსიტეტის გოგონათა გუნდი მსმენელის წინაშე ჰერული სასიმღერო ნიმუშებით წარსდგა.
ფესტივალი „ნანინა 2026“ უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია II-ის ხსოვნას მიეძღვნა.











