ქართული ფოლკლორული მუსიკის საღამო თორაძის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის ფარგლებში სრული ანშლაგით გაიმართა.
ეროვნული სასახლის ისტორიულ გარემოში – პირველი რესპუბლიკის დარბაზში მსმენელებმა საქართველოს სხვადასხვა კუთხის მუსიკალურ ტრადიციებში იმოგზაურეს. უნიკალური ქართული მრავალხმიანობა ფოლკლორის საღამოზე გალობის უნივერსიტეტის გოგონათა და ვაჟთა გუნდებმა და ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის გუნდმა წარმოადგინა.
თორაძის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი 2023 წელს საქართველოს კულტურის სამინისტროს, თორაძის ფონდისა და ფონდ „ქართული გალობის“ მიერ დაფუძნდა. ფესტივალი მიზნად ისახავს ქართული მუსიკალური კულტურის – კლასიკური და ტრადიციული შემოქმედების მსოფლიოში პოპულარიზაციას.
კონცერტი თორაძის ფონდის დამფუძნებლის, ნინო თორაძის, ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელის, ედიშერ სავიცკისა და ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დირექტორის, გიორგი დონაძის მისალმებით გაიხსნა. საღამოს გალობის უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდნენ უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ნანა გოთუა და ფონდ „ქართული გალობის“ დამფუძნებელი ვანო ჩხარტიშვილი.
გალობის უნივერსიტეტისათვის განსაკუთრებული პატივია გამოჩენილი ქართველი მუსიკოსების, დავით და ლექსო თორაძეების სახელობის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის ფარგლებში იმ მემკვიდრეობის წარდგენა, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ქმნიდა და ინახავდა ჩვენი ქვეყნის კულტურულ იდენტობას.
მადლობა თითოეულ მსმენელს, რომელმაც ეს საღამო ჩვენთან ერთად გახადა განსაკუთრებული!
ფოტო: ევგენი ეფანოვი












