ქართული ტრადიციული მუსიკის ზეიმი – გალობის უნივერსიტეტმა სასწავლო წლის დასასრული შემაჯამებელი ღონისძიებით აღნიშნა.
სტუმრების წინაშე წარდგნენ უნივერსიტეტის გოგონათა და ვაჟთა გუნდები (ხელმძღვანელები: ანა ლოლაშვილი და სერგო ურუშაძე), რომლებმაც მრავალფეროვანი რეპერტუარით მსმენელი საქართველოს სხვადასხვა კუთხის მუსიკალურ მემკვიდრეობაში ამოგზაურეს. კონცერტზე შესრულდა კახური, მეგრული, თუშური, იმერული რაჭული, აჭარული და სვანური სასიმღერო ფოლკლორის ნიმუშები, ასევე, ქართული ტრადიციული საგალობლები.
შემაჯამებელ ღონისძიებას 7 ივლისს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დარბაზმა უმასპინძლა. საღამოზე გალობის უნივერსიტეტის შესახებ ფილმის ჩვენებაც გაიმართა.
სასწავლო წლის შემაჯამებელ ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე, ფონდ „ქართული გალობის“ დამფუძნებელი ვანო ჩხარტიშვილი, გალობის უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ნანა გოთუა, ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დირექტორი გიორგი დონაძე, ეროვნული სასახლის დირექტორი ნინა ყიფიანი, თორაძის ფონდის დამფუძნებელი ნინო თორაძე, გალობის უნივერსიტეტის პრორექტორი თამარ ჩხეიძე, სასულიერო პირები, კულტურის სფეროს წარმომადგენლები, ფოლკლორისტები და სხვა სტუმრები.
გალობის უნივერსიტეტი ულოცავს სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს სასწავლო წლის წარმატებით დასრულებას!




