გალობის უნივერსიტეტში 25 სექტემბერს ესპანელი ეთნომუსიკოლოგის, კომპოზიტორისა და პედაგოგის – პოლო ვალეჰოს მასტერკლასი გაიმართა.
პოლო ვალეჰო 1988 წლიდან ატარებს ფართომასშტაბიან საველე კვლევებს აფრიკაში, ხოლო 2006 წლიდან – საქართველოში იკვლევს ტრადიციული ვოკალური მრავალხმიანობის ზეპირი გადაცემისა და მუსიკალური შემეცნების საკითხებს. მკვლევარი საქართველოს მრავალხმიანობის კვლევის მე-13 საერთაშორისო სიმპოზიუმის ფარგლებში სტუმრობდა.
მრავალწლიანი საერთაშორისო კვლევითი და პედაგოგიური გამოცდილების მქონე მუსიკოსმა უნივერსიტეტის სტუდენტებს აფრიკული მრავალხმიანობის მაგიური სამყარო გააცნო. მასტერკლასზე სტუდენტები თავადაც გახდნენ მუსიკალური პროცესის მონაწილეები და აფრიკული მრავალხმიანობის რამდენიმე ნიმუში შეისწავლეს.
გალობის უნივერსიტეტისთვის საერთაშორისო მუსიკალურ გამოცდილებასთან შეხება საგანმანათლებლო პროცესის მნიშვნელოვანი ნაწილია. სხვადასხვა კულტურის მუსიკალური მემკვიდრეობის გაცნობა სტუდენტებს ახალი შემოქმედებითი პერსპექტივების აღმოჩენისა და პროფესიული ინტერესების გაფართოების შესაძლებლობას აძლევს.