გალობის უნივერსიტეტი 28 სექტემბრიდან 1 ოქტომბრის ჩათვლით ნევმური ნოტაციის ციფრული კვლევის ოთხდღიან ვორკშოპს მასპინძლობდა.

ვორკშოპს უძღვებოდა Chant Editor and Analysis Program (CEAP)-ის შემქმნელი, ბრისტოლის უნივერსიტეტის კომპიუტერული ტექნოლოგიების უზრუნველყოფის სპეციალისტი პოლ რუზი.

ვორკშოპი გაიმართა პროექტის „იელის იადგარი: ნევმირებული ქართული საგალობლების ციფრულ-ანალიტიკური კვლევა“ ფარგლებში, რომელიც შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით ხორციელდება. პროექტის ავტორი და ხელმძღვანელია გალობის უნივერსიტეტის პრორექტორი, პროფესორი თამარ ჩხეიძე.

შეხვედრების ფარგლებში სტუდენტები და ახალგაზრდა მეცნიერები გაეცნენ CEAP-ის მუშაობის მეთოდოლოგიასა და ნევმების ციფრული ანალიზის ძირითად პრინციპებს. სამუშაო პროცესი მოიცავდა მიქაელ მოდრეკილის „იადგარიდან“ საგალობლის ვერბალური ტექსტის სისტემაში გადატანას, ნევმების ხელნაწერის შესაბამისად განთავსებასა და მასალის ციფრული ანალიზისთვის მომზადებას. ვორკშოპის დასკვნით ეტაპზე მონაწილეებმა ინდივიდუალურად შესრულებული სამუშაოები CEAP-ის პლატფორმაზე ატვირთეს და შემდგომი კვლევისა და ანალიზისთვის მოამზადეს.

ვორკშოპის ფარგლებში მონაწილეებმა შეიძინეს ტექნიკური ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება, რომელიც საუკუნეების წინ შექმნილი მუსიკალური მასალის ციფრულ სივრცეში გარდაქმნის შესაძლებლობას ხელნაწერში დაცული ინფორმაციის სიზუსტისა და კვლევითი ღირებულების შენარჩუნებით იძლევა.

ვორკშოპის დასრულების შემდეგ პროექტის ხელმძღვანელმა თამარ ჩხეიძემ და CEAP -ის ავტორმა პოლ რუზმა გამართეს სამუშაო შეხვედრები, რომლის ფარგლებში დაიგეგმა პროგრამაში მუშაობისთვის განკუთვნილი გზამკვლევის შემუშავების ეტაპები და განისაზღვრა იელის იადგარის ნევმირებული საგალობლების CEAP-ის სისტემაში ინტეგრირების საკითხები.