გალობის უნივერსიტეტი 20 წლისაა!
უნივერსიტეტმა ახალ სასწავლო წელი 12 ოქტომბერს ახალ შენობაში დაიწყო.
ორი ათეული წლის ისტორიას უნივერსიტეტი ახალ სივრცეში, ახალი შესაძლებლობებითა და მომავლის ახალი ხედვით აგრძელებს. თანამედროვე სასწავლო და შემოქმედებითი სივრცე აერთიანებს აუდიტორიებს, ბიბლიოთეკას, საკონფერენციო და საკონცერტო დარბაზებსა და ხმის ჩამწერ სტუდიას. ახალი ინფრასტრუქტურა სტუდენტებს კიდევ უფრო ფართო შესაძლებლობებს უქმნის განათლების, შემოქმედებითი საქმიანობისა და ქართული ტრადიციული მუსიკალური მემკვიდრეობის შენარჩუნება-განვითარების მიმართულებით.
საზეიმო ღონისძიებას უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ერთად საპატიო სტუმრები ესწრებოდნენ. სტუდენტებს, აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა გალობის უნივერსიტეტის დამფუძნებელმა და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, ვანო ჩხარტიშვილმა. მისასალმებელ სიტყვაში მან მნიშვნელოვანი სიახლის შესახებ განაცხადა – „სმარტ კაპიტალ ჯგუფის“ მხარდაჭერით დაარსდა „ანზორ ერქომაიშვილის სახელობის“ სტიპენდია, რომელიც ქართული ტრადიციული მუსიკის გამორჩეული მოღვაწის სახელისა და მემკვიდრეობის პატივისცემასთან ერთად, ნიჭიერი და მოტივირებული სტუდენტების მხარდაჭერას ემსახურება.
საზეიმო გახსნის ღონისძიებაზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, შიო III-ის მილოცვა დამსწრე საზოგადოებას კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსმა, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორე ჭუაძემ გადასცა.
უნივერსიტეტს 20 წლის იუბილე და ახალ შენობაში სასწავლო პროცესის დაწყება მიულოცეს ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტმა საბა გიგიბერიამ, საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ, საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი გაბუნიამ, საქართველოს პარლამენტის წევრმა, რიმა ბერაძემ და ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დირექტორმა, გიორგი დონაძემ.
გალობის უნივერსიტეტის ახალი შენობის გახსნის საზეიმო ღონისძიებაზე კურსდამთავრებულებს დიპლომები გალობის უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, ვანო ჩხარტიშვილმა, ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ნანა გოთუამ და უნივერსიტეტის პრორექტორმა, პროფესორმა თამარ ჩხეიძემ გადასცეს.
საზეიმო განწყობას განსაკუთრებული ელფერი შესძინა გალობის უნივერსიტეტის გუნდის შესრულებამ, რომელმაც ქართული ტრადიციული მრავალხმიანობის ნიმუშები წარმოადგინა.
ფოტო: ლაშა ღუღუნიშვილი
























