პროექტი მიზნად ისახავს ქართული საეკლესიო მუსიკის ინტერდისციპლინურ კვლევას ციფრული ჰუმანიტარული მეთოდების გამოყენებით. კვლევის ობიექტს წარმოადგენს X საუკუნის ხელნაწერი „იელის იადგარი“, რომელშიც დაცულია ნევმური ნიშნებით ნოტირებული ძლისპირნი და ღვთისმშობლისანი. აღნიშნული ძეგლი მუსიკოლოგიური თვალსაზრისით პრაქტიკულად შეუსწავლელია, რაც მის მაღალ კვლევით პოტენციალს განსაზღვრავს. პროექტი ეფუძნება საერთაშორისო კვლევით გამოცდილებას და ითვალისწინებს ნევმური ნოტაციის კომპიუტერული ანალიზის ინსტრუმენტების გამოყენებას, რაც ქართულ მუსიკოლოგიაში ინოვაციურ მიდგომას წარმოადგენს და ხელს უწყობს ციფრული ჰუმანიტარიის განვითარების პროცესს.
კვლევის ციფრული ტექნოლოგიების დანერგვის და პროექტის კვლევითი სამუშაოს ეფექტიანი წარმართვის მიზნით გადამზადდებიან ახალგაზრდა მეცნიერები და გალობის უნივერსიტეტის 5 სტუდენტი (ჩატარდება პროგრამულ აპლიკაციაში Chant Editor and Analysis Program (CEAP) მუშაობის შესაწავლი ვორკშოპი). სტუდენტების და დოქტორანტების მონაწილობა პროექტში გაზრდის ახალგაზრდა კადრების კვლევით პოტენციალს; პროექტი ხელს შეუწყობს ქართულ მუსიკოლოგიაში თანამედროვე კვლევითი სტანდარტების დანერგვას და შექმნის მეთოდოლოგიურ საფუძველს მომავალი ფართომასშტაბიანი კვლევებისთვის.
პროექტის ავტორი და ხელმძღვანელი პროფ. თამარ ჩხეიძე განსაკუთრებულ მადლობას უხდის კოლეგებს პროფ. ემმა ჰორნბისა და პოლ რუზს. ბრისტოლის უნივერსიტეტის კვლევით პროექტში Musical rhetoric in early medieval Old Hispanic and Georgian liturgical chant: new directions in computer-aided comparative analysis (https://research-information.bris.ac.uk/en/projects/musical-rhetoric-in-early-medieval-old-hispanic-and-georgian-litu/), მიღებული გამოცდილება გამოყენებული იქნება წინამდებარე პროექტში ნევმური ნოტაციის კვლევაში ინოვაციური ციფრული მიდგომების დასანერგად, მათ შორის ნევმური ნიშნების კოდირების, მელოდიური სტრუქტურების ანალიზისა და მონაცემთა ციფრული დამუშავების მიმართულებით.