მანანა ანდრიაძის სახელობის სტუდენტთა და ახალგაზრდა მკვლევართა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია

                                  „მუსიკოლოგიისა და ეთნოლოგიის პრობლემები“

 

კონფერენცია ეძღვნება უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოსპატრიარქის, მცხეთათბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმაფხაზეთის მიტროპოლიტის ილია II-ის ხსოვნას.                                                                   

14-15 მაისს, გიორგი მთაწმინდელის სახელობის გალობის უნივერსიტეტის ორგანიზებით, სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერიაში“ გაიმართება მანანა ანდრიაძის სახელობის სტუდენტთა და ახალგაზრდა მკვლევართა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „მუსიკოლოგიისა და ეთნოლოგიის პრობლემები“.

კონფერენცია 2014 წელს დაარსდა და მიზნად ისახავდა ცნობილი ქართველი მუსიკისმცოდნის, პროფესორისა და მკვლევრის, მანანა ანდრიაძის სახელისა და მრავალწლიანი კულტურულ-საგანმანათლებლო, პედაგოგიური მოღვაწეობის პატივისცემას, მისი სამეცნიერო მემკვიდრეობის დაფასებას. მანანა ანდრიაძის საქმიანობა მნიშვნელოვან როლს ასრულებდა ქართული მუსიკოლოგიისა და ტრადიციული მუსიკალური კულტურის კვლევის განვითარებაში. ის განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდა ახალგაზრდა მკვლევართა მხარდაჭერას, აკადემიური სივრცის გაძლიერებასა და ქართული მუსიკალური მემკვიდრეობის საერთაშორისო სამეცნიერო წრეებში წარმოჩენას.  წელს მანანა ანდრიაძეს 75 წელი შესრულდებოდა და ეს საიუბილეო თარიღი განსაკუთრებულ მნიშვნელობას სძენს მისი სახელობის საერთაშორისო კონფერენციას.

საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმი 14-15 მაისს თავს მოუყრის ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტებსა და ახალგაზრდა მკვლევრებს როგორც საქართველოდან, ისე უცხოეთიდან. კონფერენციაში მონაწილეობენ წარმომადგენლები გალობის უნივერსიტეტიდან, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიიდან, შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტიდან, კონსტანტინე ფილოსოფოსის სახელობის უნივერსიტეტიდან, იონიის უნივერსიტეტიდან, კურმანგაზის სახელობის ყაზახეთის ეროვნული კონსერვატორიიდან, ლიეტუვის მუსიკისა და თეატრის აკადემიიდან და ახმეტ ჟუბანოვის სახელობის ყაზახეთის რესპუბლიკური ნიჭიერ ბავშვთა სპეციალიზებული მუსიკალური პანსიონიდან.

კონფერენციის მთავარი მიზანი ახალგაზრდა მეცნიერებისა და ხელოვნებათმცოდნეების კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობა, მუსიკოლოგიისა და ეთნოლოგიის აქტუალური საკითხების გარშემო საერთაშორისო აკადემიური დიალოგის გაღრმავება და თანამედროვე სამეცნიერო სივრცეში ახალი კვლევითი პერსპექტივების წარმოჩენაა.

ფორუმის ფარგლებში წარმოდგენილი მოხსენებები ქართული და მსოფლიო მუსიკალური კულტურის, ეთნომუსიკოლოგიის, მუსიკალური განათლების, ტრადიციული ხელოვნების, საშემსრულებლო პრაქტიკისა და კულტურული მემკვიდრეობის კვლევის მრავალფეროვან მიმართულებებს შეეხება.

კონფერენციის დასასრულს გამოვლინდება საუკეთესო მომხსენებელი, რომელსაც გადაეცემა მანანა ანდრიაძის სახელობის სპეციალური ჯილდო და ფულადი პრიზი-როგორც ახალგაზრდა მკვლევართა აკადემიური მიღწევებისა და სამეცნიერო პოტენციალის მხარდაჭერის სიმბოლო. ასევე, საუკეთესო უცხოელ მონაწილეს საქველმოქმედო ფონდი „ქართული გალობა“ გადასცემს სპეციალურ პრიზსა და ჯილდოს. ხოლო, „ანზორ ერქომაიშვილის სახელობის საქველმოქმედო ფონდი“ გამოავლენს ფონდის რჩეულს.

კონფერენციის პროგრამა იხილეთ ბმულზე